ანგარიშები ...

2014-2015 სასწავლო წელი 
I სემესტრის ანგარიში


2014-2015სასწავლო წელს ქართულ ენასა და ლიტერატურას ვასწავლი ორ --  მეხუთე  და მეთორმეტე კლასს. მე-5 კლასს ეთმობა 5 კვირეული საათი, ხოლო მე-12 კლასს--6 კვირეული საათი /მათ შორის 1სთ აბიტურის კურსი, რომელსაც ჩემი კოლეგა იზა ჭეიშვილი უძღვება/ ჩემი კვ. საათობრივი დატვირთვა=10 სთ
     პირველი სემესტრის მანძილზე ჩემს მიერ განხორციელდა სხვადასხვა აქტივობა  ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების გაუმჯობესების მიზნით.
     ის მნიშვნელოვანი ფაქტი, რომლის გათვალისწინებითაც დაიწყო სასწავლო წლის მანძილზე მუშაობა, გახლდათ მოსწავლეთა საჭიროებების გამოვლენა და მასწავლებელთა საჭიროებების განსაზღვრა მოსწავლეთა მიღწევების გაუმჯობესების მიზნით.  
     ათეულ წელზე მეტია , რაც   დასრულდა ჩვენს სკოლაში ის დრო ,  როცა გაკვეთილი წინასწარ მომზადებულ , გავარჯიშებულ სანახაობას წარმოადგენდა.      
 პირველი სემესტრის დაწყებისთანავე   ორივე  კლასში მოსწავლეებს   მივეცი საშუალება  განესაზღვრათ მოლოდინები და რჩევის სახით მოეწოდებინათ ჩემთვის საინტერესო წინადადებები. მნიშვნელოვანია, თუ რას ფიქრობენ ისინი, რა არის საინტერესო და რა გასაუმჯობესებელი ქართული ენისა და ლიტერატურის  გაკვეთილებზე. მოსწავლეებმა საინტერესო წინადადებები მომაწოდეს . 
      პირველი სემესტრის მანძილზე ორივე კლასში ჩატრებული მაქვს  ე.ს.გ. განსაზღვრული შემაჯამებელი წერები
    გაკვეთილების დაგეგმვის  ჟურნალში  ყველა გაკვეთილის მოკლე   გეგმა  მაქვს გაწერილი და პორთფოლიოში ინახება ჩატარებული გაკვეთილების ამსახველი მასალა.  გაკვეთილის  სრულ გეგმებს თან ერთვის  ანგარიში ჩატარებული გაკვეთილის  შესახებ.
    პირველი სემესტრის მანძილზე    მეხუთე კლასში  კლასის მოსწავლეთა მიერ ჩატარდა კვლევა თემაზე: ,,რამდენად ხშირია ჩვენს მეტყველებაში ბარბარიზმები და იმერიზმები“ . აღნიშნული კვლევის მიზანი გახლდათ  მოსწავლეების მიერ ყურადღების კონცენტრირება ბარბარიზმებისა და იმერიზმების მიმართ და შესაბამისი სალიტერატურო ფორმებით ჩანაცვლება. ამ მიზნით  მოსწავლეებმა  ერთი კვირის მანძილზე ყურადღება გაამახვილეს  მშობლების , მოსწავლეებისა და მასწავლებლების მეტყველებაზე და ჩაინიშნეს ყველა წარმოთქმული ბარბარიზმი და იმერიზმი. შევაგროვეთ მონაცემი, დავახარისხეთ  შემდეგ ჯგუფებში : ა) ზმნები; ბ) სახელები; გ) სხვა მეტყველების ნაწილები
  შევადგინეთ  ბუკლეტი, რომელსაც გავავრცელებთ მეორე სემესტრის დაწყებისთანავე . ბუკლეტში შესულია ყველა გამოვლენილი სიტყვა შესაბამისი სალიტერატურო ენის შესატყვისით.
      მოსწავლეების აღნიშნულ საკითხზე დაფიქრება იწვევს მათ  გათვიცნობიერებას, თუ რა არის მიღებული და მიუღებელი სალიტერატურო ენისთვის.
მშობელთა ჩართულობა სასწავლო პროცესში მართლაც რომ მნიშვნელოვანია. გადავწყვიტე, ,,ოჯახური კითხვის დღის" ფარგლებში გაკვეთილიდან მთავარი გზავნილი მოსწავლეთა ხელით გამეგზავნა მშობელთათვის და დავგეგმე საკლასო პროექტი 
თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან საინტერესოდ წარიმართა ოჯახური კითხვის დღე, რასაც ცხადყოფს მოსწავლეთა ჩანაწერები.
სასწავლო წლის პირველი სემესტრის ბოლოს, საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის ფარგლებში მიღებული წიგნები, არჩევითობის პრინციპით გავანაწილე თითოეულ მოსწავლეზე და მათ არდადეგების პერიოდში დავავალე დაეგეგმათ ოჯახური კითხვის დღე საინტერესო , კითხვისთვის კომფორტულ გარემოში და მეორე სემესტრის დასაწყისში მოიტანონ ჩანაწერები ,  რაც დაადასტურებს, რომ ნამდვილად შედგა ეს დღე. მოსწავლეები ყოველი საინტერესო აქტივობის შემდეგ წერენ დღიურებს, რაც მათ ეხმარება შთაბეჭდილებების  სხვებისთვის  გაზიარებაში.
სასწავლო წლის მანძილზე  მეხუთე კლასში მოეწყობა ფოტო-გამოფენა და ვფიქრობ, ასეთი საინტერესო საქმიანობით მშობლებსაც და მოსწავლეებსაც ხალისით ჩავაბამთ კითხვის პროცესში.
მეხუთე კლასის სასკოლო სახელმძღვანელოში გარკვეული მასალა ეთმობა  ისტორიულ წარსულს და გმირ წინაპრებს. ძნელია მოსწავლეებს მხოლოდ რამდენიმე გაკვეთილის ფარგლებში გაააზრებინო მნიშვნელობა და როლი ჩვენი გმირი წინაპრებისა ერისა და ქვეყნის წინაშე.  დავგეგმე საკლასო პროექტი ,,ჩემი გმირი წინაპარი“, რომლის მიზანი იყო მოსწავლეთათვის მეტი ინფორმაციის მიწოდება ჩვენს გმირ წინაპრებზე და მათი მხრიდან  ისტ-ის გამოყენებით საინტერესო საკლასო კონფერენციის მოწყობა. მოსწავლეებმა თვითონ აირჩიეს, თუ რომელი გმირი წინაპრის  შესახებ მოიძევდნენ ინფორმაციას. ისტ-ის მასწავლებლის დახმარებით შექმენს საქაღალდეები სადაც  ინფორმაცია შეინახეს და შემდეგ შეუდგნენ  მოძიებული ინფორმაციის დახარისხებას შემდეგი მოცემულობით : 
ა) 5 წინადადება --- ბიოგრაფიული ცნობები
ბ) 5 წინადადება --ოჯახური გარემო
გ) 10 წინადადება -- მოღვაწეობა და საგმირო საქმე
დ) 5 წინადადება -- საკუთარი დამოკიდებულება გმირის მიმართ
ჯამში -25 წინადადებისა და მოძიებული ფოტომასალის გამოყენებით მოსწავლეები საპრეზენტაციო ფორმატში  ააწყობენ   მასალას და  მოეწყობა საკლასო პრეზენტაცია. ამ ეტაპზე  აწყობილია რამოდენიმე პრეზენტაცია და მოძიებულია ყველა გმირის შესახებ ინფორმაცია. საკლასო კონფერენცია იგეგმება  2015 წლის თებერვლის თვეში
    პირველი სემესტრის მანძილზე განხორციელებულ საქმიანობათა შორის მნიშვნელოვან ადგილს დავუთმობდი    ფილმების ჩვენების სერიას მეხუთე კლასში. ვფიქრობ, ტექსტის  უკეთ გაგება-გააზრებისთვის , ერთ-ერთ დამხმარე რესურსად გამომეყენებინა  მხატვრული ფილმები  კონკრეტული თემებიდან გამომდინარე. მოსწავლეებს სხვადასხვა გაკვეთილებზე ვაჩვენე   გარკვეული ეპიზოდები ფილმებიდან :  ,,იავნანამ რა ჰქმნა?!“  ,,აკაკის აკვანი“
უნდა აღინიშნოს, რომ მოსწავლეებისათვის ვიზუალური ეფექტი შთამბეჭდავია, და მათთვის მართლაც საინტერესო აღმოჩნდა აღნიშნული ვიდეო-მასალა    
    ყოველთვის ვცდილობ  ვიყო ძიების პროცესში, 2010 წლიდან ვარ სერთიფიცირებული მასწავლებელი მაქვს I-XII კლასებში ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების უფლება, 2011 წლიდან  ვარ ჩართული პროფესიული  განვითარების სქემაში და  რეგულარულად ვესწრები სხვდასხვა სახის ტრენინგებს. 2012-2013 სასწავლო წლის მანძილზე ქუთაისის მასწავლებლის სახლში დავესწარი  სამ სხვადასხვა ტრენინგს, (ჯამში 48 საათი) , რომელიც  შეეხებოდა სასკოლო თანამშრომლობას, ასაკობრივ ფსიქოლოგიას და სასწავლო პროექტებს.   2014 წელს  გავიარე ე.წ. ინტელის ტრენინგი . ელექტრონული პორთფოლიო მაქვს ბლოგის სახით .  ის   ჩემი სავიზიტო ბარათია ინტერნეტ სივრცეში. ბლოგზე განთავსებულია სხვადასხვა ინფორმაცია ჩემი პროფესიული საქმიანობის შესახებ. 2014 წლის 6-7 დეკემბერს მასწავლებელთა პროფესიული ცენტრის მიერ გამართული კონფერენციის ფარგლებში მოვამზადე პრეზენტაცია საკუთარი პრაქტიკის შესახებ . ამ ეტაპამდე  3-ჯერ ვუმასპინძლე  სქემის კონსულტანტს  და გავუზიარე ჩემი პრაქტიკის ამსახველი მასალა და მივიღე საინტერესო რჩევები
  როგორც მასწავლებელს მიმაჩნია, რომ კოლეგებთან ურთიერთობა არ მიჭირს, ყოველთვის მახარებს მათი წარმატებები და მზად ვარ გავუზიარო და გავიზიარო   საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაციები. მიმაჩნია, რომ კოლეგიალური დამოკიდებულება და გამოცდილების გაზირება როგორც ჩვენთვის, ასევე მთელი სკოლის წინსვლისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია
   
2
ანგარიში ჩატარებული გაკვეთილის  შესახებ

გაკვეთილის ჩატარების დღე:   8 მაისი  2014 წელი
სკოლა: სსიპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის N1 საჯარო სკოლა
კლასი: XI
მასწავლებელი: მაია მამისეიშვილი
საგანი:  ქართული ენა და ლიტერატურა
ძირითადი თემა/საკითხი:  ვაჟა-ფშაველას ლექსი ,,მთას ვიყავ“
მისაღწევი შედეგები თავდაპირველი გეგმის მიხედვით:
მოსწავლეებმა     შეძლეს   დანაწევრებული ტექსტის აწყობა/გამთლიანება,  ლექსის შინაარსის მიხედვით პოსტერების დამზადება და საკუთარი ნამუშევრების ორიგინალთან შედარება, პარალელების გავლება პოემა ,,გველისმჭამელის“ მთავარ გმირთან და მსგავსება-განსხვავებებზე მსჯელობა.
საკვანძო მეთოდები/სტრატეგიები:  მეთოდი ,,ტექსტის აწყობა/გამთლიანება“
ძირითადი სასწავლო რესურსები:  ფლიგჩარტები, მარკერები, ფერადი ფურცლები,  ტექსტი, წებო
გაკვეთილის შედეგები:  კლასს პირველად გავაცანი აღნიშნული მეთოდი. მოსწავლეთა უმრავლესობას ეტყობოდა, რომ მათ აღნისნული მეთოდის უკეთ გასააზრებლად ჭირდებოდათ დამატებითი კონსულტაციები, თუმცა მათ შეძლეს დაგეგმილი აქტივობების შესრულება და გაკვეთილის გეგმის მიხედვით შესასრულებელი საკითხებში ცვლილება არ შემიტანია გაკვეთილის მსვლელობის დროს.
რამდენიმე მოსწავლე დაგვიანებული შემოვიდა გაკვეთილზე, რაც გარკვეულწილად  კლასის  ორგანიზების სისუსტეზე მიუთითებს.
მოსწავლეები დაჭრილი ტექსტის ასაწყობად გუნდის წევრებთან აქტიურად თანამშრომლობდენ,  დაამზადეს პოსტერებიც, მაგრამ უკეთ შეეძლოთ პრეზენტაციის წარმართვა.  საერთო ჯამში  ჩატარებულ გაკვეთილს შევაფასებდი, როგორც საინტერესოს, რადგან მეთოდის გამოცდაც და მოსწავლეთა შესაძლებლობებიც პარალელურად თვალნათლივ იკვეთებოდა. აღნიშნული გაკვეთილი ჩავწერე ვიდეოფირზე, რაც დამეხმარება უკეთ გავაანალიზო თითოეული აქტივობა და დავსახო გაუმჯობესების გზები
 ცოდნის კონსტრუირებისათვის გამოვიყენე კოგნიტური (ცოდნის მოპოვება, გადამუშავება)და სოციალური სტრატეგიები( ჯგუფური მუშაობა, თანამშრომლობით სწავლება).
გაკვეთილი იყო მოსწავლეებისათვის საინტერესო და დატვირთული.
გაკვეთილის პრცესში ჩემს მიერ შედგენილი გაკვეთილის   გეგმა არ შეცვლილა.
გაკვეთილის ხელახლა ჩატარების შემთხვევაში აღნიშნული მეთოდით მუშაობისას შევარჩევდი მცირე ზომის ტექსტს.


ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
მაია მამისეიშვილი-----------------------------


ანგარიში ჩატარებული გაკვეთილის  შესახებ

გაკვეთილის ჩატარების დღე:   17 აპრილი 2014 წელი
სკოლა: სსიპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის N1 საჯარო სკოლა
კლასი: XI
მასწავლებელი: მაია მამისეიშვილი
საგანი:  ქართული ენა და ლიტერატურა
ძირითადი თემა/საკითხი:  ვაჟა-ფშაველას  პოემა ,,სტუმარ-მასპინძელი“
მისაღწევი შედეგები თავდაპირველი გეგმის მიხედვით:
მოსწავლეებმა     შეძლეს   შესწავლილი ტექსტის გაანალიზება  და სხვადასხვა როლიდან  საკუთარი მოსაზრების დასაბუთება, იმსჯელეს პრობლემური საკითხების ირგვლივ
საკვანძო მეთოდები/სტრატეგიები:  მეთოდი ,,პრესკონფერეცია“
ძირითადი სასწავლო რესურსები: 
მოსწავლეთა მიერ დამზადებული ,,ვიდეოკამერები“, ,,მიკროფონები“, საინფორმაციო ფურცლები, ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელო, ტრაფარეტი
გაკვეთილის შედეგები:  მოსწავლეთა უმრავლესობამ შეძლო ჩემს მიერ  გეგმით გათვალისწინებული შედეგების მიღწევა:  მათ ძალიან მოეწონათ სხვდასხვა როლში ყოფნა და პასუხისმგებლობით მოეკიდნენ დაკისრებულ მოვალეობას. ე.წ. ,,ექსპერტებს“  შესწავლილი მასალის  კარგად ცოდნამ  გაუიოლა  დავალების შესრულება, რადგან საკუთარი აზრის გამოხატვა და არგუმენტების მოძიება მოითხოვდა შესწავლილ ტექსტზე დაყრდნობას. იგივე შეიძლება ითქვას ,,ჟურნალისტებზე“ . მათ შეკითხვეზე იყო დამოკიდებული  პრესკონფენეციის ჯეროვნად წარმართვა. მათ პასუხისმგებლობით შეასრულეს დავალება, დამზადებული მიკროფონები წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ტელევიზიის ლოგოთი, რაც ერთგვარ სახალისო, საინტერესო ფონს ქმნიდა. ოპერატორებმა გაითავისეს  როლი და ბოლოს აღნიშნეს, რომ მთავარი იყო ,,კადრს მიღმა“ არ დარჩენილიყო საინტერესო მომენტები. აღინიშნა ისიც, რომ მათთვის ტექსტის ცოდნა  აღნიშნული ფუნქციის შესასრულებლად არ იყო მნიშვნელოვანი. საზოგადოებრივი დარბაზის აქტიურობა დამოკიდებული იყო  მათ მიერ შესწავლილი თემის  საფუძვლიანობაზე. ყველა მოსწავლე არ ჩაერთო გაკვეთილის პროცესში. მოსწავლეებს შეუძლიათ საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვა, უსმენენ ერთმანეთს, მაგრამ დასახვეწია მათი მეტყველება და მოითხოვს  მათი მხრიდან ლექსიკური მარაგის გამდიდრებას. ცოდნის კონსტრუირებისათვის გამოვიყენე კოგნიტური (ცოდნის მოპოვება, გადამუშავება)და სოციალური სტრატეგიები( თანამშრომლობით სწავლება).
გაკვეთილი იყო მოსწავლეებისათვის საინტერესო და სახალისო, მოსწავლეთა უმრავლესობამ შეძლო საკუთარი შესაძლებლობების( ცოდნის, საკუთარი აზრის გამოხატვის, მსჯელობის) წარმოჩენა.
გაკვეთილის პრცესში ჩემს მიერ შედგენილი გაკვეთილის   გეგმა არ შეცვლილა.
გაკვეთილის ხელახლა ჩატარების შემთხვევაში წინასწარ უფრო მეტ ყურადღებას დავუთმობდი საკლასო გარემოს  შესაბამისად მოწყობას.

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
მაია მამისეიშვილი


ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის მაია მამისეიშვილის
ანგარიში 2012-2013 სასწავლო წლის პირველი სემესტრის მანძილზე გაწეული მუშაობის შესახებ



                                                                                       31.12.2012წელი


   2012-2013 სასწავლო წელს ქართულ ენასა და ლიტერატურას ვასწავლი ორ --  მეათე და მეთორმეტე კლასს. მე-10 კლასს ეთმობა 5 კვირეული საათი, ხოლო მე-12 კლასს--6 კვირეული საათი, მათ შორის 1სთ აბიტურის კურსი.
     პირველი სემესტრის მანძილზე ჩემს მიერ განხორციელდა სხვადასხვა აქტივობა  ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების გაუმჯობესების მიზნით. მიუხედავად იმისა, რომ მეათე კლასი მრავალრიცხოვანია (ფაქტიურად 2 კლასის ნაერთი--31 მოსწავლე) და არც მეთორმეტე კლასი არის მცირერიცხოვანი, ვცდილობდი გაკვეთილები დამეგეგმა საინტერესოდ და გამომეყენებინა სხვადასხვა სასწავლო  მეთოდი, რაც აისახა კიდეც ჩემს მიერ მომზადებულ გაკვეთილის გეგმებში.  უნდა აღინიშნოს, რომ მოსწავლეებს ძალიან უხარიათ განსხვავებული და მრავალფეროვანი აქტივობებით გაკვეთილის მსვლელობა, ცდილობენ წარმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები.
      მნიშვნელოვნად მიმაჩნია ის ფაქტი, რომ საგნობრივი სტანდარტის შესაბამისობაში საგაკვეთილო პროცესის წარმართვა არ არის იოლი საქმე, მაგრამ არც შეუძლებელია. მთავარია მასწავლებელმა ძალიან კარგად გაიაზროს ის დიდი პასუხისმგებლობა, რაც აკისრია თითოეული მოსწავლის წინაშე. ჩვენ ვძერწავთ ჩვენი მოსწავლეების მომავალს მათთან ერთად და არ არსებობს შეცდომა ამ პროცესში, რომელიც ,,გვეპატიოს“ მოსწავლეთა მხრიდან და რომელზედაც მორალური პასუხისმგებლობა არ დაგვაკისროს მომავალმა თაობამ. პირველ ყოვლისა მორალური პასუხისმგებლობა  სწორედ სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას უნდა გვაწუხებდეს, როცა ჩვენი გაკვეთილი იწყება და მოსწავლეები ჩვენგან ელოდებიან კარგი გაკვეთილის ჩატარებას,  აქტიურობას  ამ პროცესში და თანამშრომლობის ადამიანურ, ჰუმანურ, ზნეობრივად  გაწონასწორებულ  სახეს. წარმოვიდგინოთ რა ცუდად ვიქცევით, როცა გულგრილად ვეკიდებით გაკვეთილების უმრავლესობას და მხოლოდ იმ გაკვეთილებზე ვფიქრობთ, რომლებზეც  დირექციის წარმომადგენლები ან საგნობრივი კათედრის წევრები  უნდა დაგვესწრონ. ვფიქრობ,უკვე დიდი ხანია  დასრულდა ის დრო ჩვენს სკოლაში,  როცა გაკვეთილი წინასწარ მომზადებულ , გავარჯიშებულ სანახაობას წარმოადგენდა, ყველა მოსწავლემ წინასწარ იცოდა რას იტყოდა და ვის შემდეგ. არა სანახაობრივ, არამედ მოსწავლეთათვის  საინტერესო პროცესს უნდა წარმოადგენდეს თითოეული  გაკვეთილი. ძალიან კარგად მაქვს გააზრებული  დაკისრებული მოვალეობის პირნათლად შესრულების ვალდებულება და ვცდილობ ყველა გაკვეთილი მოსწავლეთათვის გავხადო საინტერესო.
      პირველი სემესტრის მანძილზე ორივე კლასში მოსწავლეებს  ორჯერ მივეცი საშუალება რჩევის სახით მოეწოდებინათ ჩემთვის საინტერესო წინადადებები, ანონიმურად დაეწერათ ,,რჩევები ჩემი ქართულის მასწავლებელს“ --რას ფიქრობდნენ ისინი, რა იყო საინტერესო და რა გასაუმჯობესებელი ქართულის გაკვეთილებზე. მოსწავლეებმა საინტერესო წინადადებები მომაწოდეს და იყო რამოდენიმე რჩევა, რომელიც მე მართლა გავითვალისწინე მომდევნო გაკვეთილებზე. ამ გზით   ვცდილობდი მოსწავლეებში გამეღვივებინა კრიტიკის იმპულსები, დაფიქრებულიყვნენ ისინი თუ რას შეცვლიდნენ ქართულის გაკვეთილებზე და კიდევ ერთხელ გაეაზრებინათ, რომ   მასწავლებელი კი არა, მოსწავლეები არიან გაკვეთილზე მნიშვნელოვანნი.
      პირველი სემესტრის მანძილზე ჩემს მიერ ორივე კლასში  ჩატარდა 140 გაკვეთილი 14 კვირის მანძილზე. დაიგეგმა მეათე კლასში 4 შემაჯამებელი და მეთორმეტე კლასში 5 შემაჯამებელი წერა.
    ჩემს პორთფოლიოში თავმოყრილია სავალდებულო 14 გაკვეთილის გეგმა და ჩატარებული გაკვეთილების ამსახველი მასალა. ასევე  4  გაკვეთილს თან ერთვის ვრცელი ანგარიში ჩატარებული გაკვეთილის შეფასების შესახებ, რომელიც სავალდებულო და მნიშვნელოვანია სქემაში ჩართული სერთიფიცირებული მასწავლებლებისათვის. 
დაგეგმილი გაკვეთილები ცხადყოფს, რომ გამოყენებული მაქვს სხვადასხვა სასწავლო მეთოდი:
ა) მეთოდი : ,,ვკითხულობ მაინტერესებს“
ბ) მეთოდი: ,,მოზაიკა“
გ) მეთოდი: ,,პაუზებით კითხვა 1“
დ) მეთოდი: ,,პაუზებით კითხვა2“
ე) მეთოდი: ,,ლიტერატურული წრე“
ვ) მეთოდი : ,,მონიშვნითი კითხვა“
ზ) მეთოდი: ,,ორმხრივ ჩანაწერთა დღიური“
თ) მეთოდი: ,,R.A.F.T.”
პირველი სემესტრის მანძილზე  ჩემი უშუალო ხელმძღვანელობით  მეთორმეტე კლასის მოსწავლეთა მიერ ჩატარდა კვლევა თემაზე: ,,მოახდინა თუ არა გავლენა კომუნისტურმა იდეოლოგიამ  ქართულ მწერლობაზე“ . მოსწავლეებმა შეადგინეს სპეციალური კითხვარები და  მიმართეს მშობლების , მოსწავლეებისა და მასწავლებელთა გარკვეულ ჯგუფს. /ალბათ დამეთანხმება ზოგიერთი თქვენგანი, რომლებსაც აღნიშნული კითხვარის შევსება მოუწია. /
   უნდა აღინიშნოს, რომ კვლევის წარმოებას თან ახლდა გარკვეული პრობლემები, რაც უპირველესად იმით ავხსენი, რომ ჩემი მხრიდანაც  საჭიროა სასწავლო კვლევის წარმოების გაუმჯობესებისათვის მეტი ინფორმაციის მოძიება და  კვლევის პროცესის მიმდინარეობის  უკეთ შესწავლა. 
     პირველი ცდისათვის ცუდი არ იყო, რადგან კვლევის ჯგუფი უფრო მეტად დაფიქრდა აღნიშნული საკითხის ირგვლივ, მოიძიეს ინფორმაციები, გაიგეს  მიზნობრივი ჯგუფის შეხედულებები აღნიშნული თემის ირგვლივ და დაახარისხეს მიღებული ინფორმაცია.
    პირველი სემესტრის მანძილზე განხორციელებულ საქმიანობათა შორის მნიშვნელოვან ადგილს დავუთმობდი   დოკუმეტური ფილმების ჩვენების სერიას მეათე კლასში. მოგახსენებთ, რომ მეათე კლასი სწავლობს ძველ ქართულ ლიტერატურას, რთულია მოსწავლეებთან ტექსტებზე მუშაობა დროის სიმცირისა  და ტექსტის სიდიდის გამო. ამიტომ გადავწყვიტე  ერთ-ერთ დამხმარე რესურსად გამომეყენებინა დოკუმეტური ვიდეო მასალა კონკრეტული თემებიდან გამომდინარე. მოსწავლეებს სხვადასხვა გაკვეთილებზე ვაჩვენე დოკუმენტურ ფილმად გადაღებული ,,შუშანიკის წამების“ 5 სერია (თითოეულის ხანგრძლივობა -10-15 წთ); ,,აბოს წამება“ და ,,ხანძთა“
უნდა აღინიშნოს, რომ მოსწავლეებისათვის ვიზუალური ეფექტი შთამბეჭდავია, და მათთვის მართლაც საინტერესო აღმოჩნდა აღნიშნული ვიდეო-მასალა
რაც შეეხება მეთორმეტე კლასს, მათთან პირველი სემესტრის მანძილზე ზემოთ აღნიშნული მეთოდების გარდა გამოყენებული იყო სხვადასხვა აქტივობა , მათ შორის სქემებზე მუშაობა, ფილმების ჩვენება და სხვა.  როცა მოსწავლეებს საკუთარი აზრის პატივისცემას ვაგრძნობინებთ, ისინი ცდილობენ ორიგინალურად და შთამბეჭდავად  წარმოგვიდგინონ თავიანთი ნააზრევი. ამ მხრივ გამოვარჩევდი მიხეილ  მამისეიშვილის  მიერ 5 დეკემბერს შესრულებულ დავალებას, რომელიც როლური თამაშის მეთოდით ითვალისწინებდა ნიკო ლორთქიფანიძის თავსაფრიანი დედაკაცისადმი  წერილის მიწერას. მიხეილ მამისეიშვილმა თავსაფრიან დედაკაცს მიუძღვნა ლექსი , რომელიც შექმნა 5 წთ-ში და თავისი სათქმელი გამოხატა მეტად ორიგინალური ფორმით. მართალია არ გვაქვს პრეტენზია, რომ აღნიშნული ლექსი პოეზიის შედევრია, მაგრამ ჩემს მოსწავლეებში  შემოქმედებითი უნარის აღმოჩენას, სწორედ რომ ,,შედევრად“ მივიჩნევ
    მოსწავლეებმა ნიკო ლორთქიფანიძის  ნაწარმოების ,,შელოცვა რადიოთი“ შესწავლის შემდეგ  მოისმინეს  რადიოსპექტაკლის ,,შელოცვა რადიოთი“ სრული ვერსია, რომელიც მოვიძიე საზოგადოებრივი მაუწყებლის საარქივე ფონდიდან.
  მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს ვაჩვენე  ვიდეოფილმი  საქართველოს გასაბჭოების შესახებ. ფილმის შეფასება მოახდინეს სპეციალური შეფასების ფურცლების მეშვეობით, რაც ინახება ჩემს პორთფოლიოში. უნდა აღინიშნოს, რომ ზემოთხსენებული ვიდეომასალა თან ერთვის გაკვეთილის გეგმებს.
     მნიშვნელოვნად მიმაჩნია მოსწავლეებს ძალიან კარგად ესმოდეთ, თუ რა თემებს  შეისწავლიან ამა თუ იმ კლასში  და რით არის მნიშვნელოვანი თითოეული მათგანი. რა ცოდნა უგროვდებათ და როგორ შეეძლებათ ამ ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება. ამ მიზნით მოსწავლეებს შევთავაზე პირველი სემესტრის ბოლოს  სათაურით: ,,ის, რაც დღემდე ვისწავლე“  დაეწერათ მოკლე მიმოხილვა პირველი სემესტრის მანძილზე  შესწავლილი თემებისა და  ესაუბრათ თუ რაში გამოადგებათ აღნიშნული საკითხების ცოდნა. შესრულებული დავალება ინახება ჩემს საქაღალდეში
     აღსანიშნავია, რომ ჩემი მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი  ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში.    მეთორმეტე კლასის 4 მოსწავლე (მამისეიშვილი მიხეილი, გაბუნია თინათინი, ნუცუბიძე ლიკა და გაბრიჩიძე გვანცა)  მონაწილეობას მიიღებს ოლიმპიადის მეორე ტურში. რა თქმა უნდა აღნიშნული ფაქტი მასწავლებლისათვის დიდი სიხარულია.
    ყოველთვის ვცდილობ  ვიყო ძიების პროცესში, 2010 წლიდან ვარ სერთიფიცირებული მასწავლებელი მაქვს I-XII კლასებში ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების უფლება, 2011 წლიდან  ვარ ჩართული პროფესიული  განვითარების სქემაში და  რეგულარულად ვესწრები სხვდასხვა სახის ტრენინგებს. 2012-2013 სასწავლო წლის მანძილზე ქუთაისის მასწავლებლის სახლში დავესწარი  სამ სხვადასხვა ტრენინგს, (ჯამში 48 საათი) , რომელიც  შეეხებოდა სასკოლო თანამშრომლობას, ასაკობრივ ფსიქოლოგიას და სასწავლო პროექტებს.   ვცდილობ შევქმნა ელექტრონული პორთფოლიო, რაც ამ ეტაპზე გამოიხატება გაკვეთილების გეგმების განთავსებით LEMILL-ზე. დღეისათვის ატვირთული მაქვს 21 გაკვეთილი. მიზნად მაქვს დასახული შევქმნა საკუთარი ბლოგი, რომელიც იქნება ჩემი სავიზიტო ბარათი ინტერნეტ სივრცეში.
   პროფესიული პროგრამების დაუფლება ხელს გვიწყობს  ვიყოთ თანმდევი განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესებისა, კარგად გავიაზროთ ჩვენი ტვირთი, რომლის კეთილსინდისიერად  ტარება გვიმსუბუქებს შრომას და გვიღვივებს სიახლეების დაუფლების აუცილებლობას,  ხოლო  არაკეთილსინდისიერად ტარება სხვაზე დამოკიდებულს გვხდის ყოველთვის და გვიმძიმებს პროფესიულ პასუხისმგებლობას.
  როგორც მასწავლებელს მიმაჩნია, რომ კოლეგებთან ურთიერთობა არ მიჭირს, არც სხვებს ქონიათ ჩემთან, როგორც ქართულის მასწავლებელთან კომუნიკაციის პრობლემა და რაც მცოდნია ან მისწავლია ძალიან გულწრფელად და ღიად გამიზიარებია სხვებისთვის. ამ ფაქტსაც მნიშვნელოვნად მივიჩნევ, რადგან  კოლეგიალური თანამშრომლობა ჯანსაღი სასკოლო გარემოს აუცილებელი პირობაა.
   


პატივისცემით,
მაია მამისეიშვილი
31.12.12წ.




მეათე კლასის მასწავლებლის ანგარიში


                      




ჩატარებული გაკვეთილის შეფასების ფურცელი
მასწავლებელი/სკოლა/საგანი
მაია მამისეიშვილი
წყალტუბოს მუნიციპლიტეტის სოფელ გეგუთის №1 საჯარო სკოლის  ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
ჩატარების თარიღი
28 სექტემბერი  2012 წელი
გაკვეთილის თემა
დავით კლდიაშვილი: ,,სამანიშვილის დედინაცვალი“ 
კლასი/მოსწავლეთა რაოდენობა
XII  კლასი/ 21 მოსწავლე





გაკვეთილის მიზნის შესაბამისობა შედეგთან
      გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეს შეძლებოდა ტექსტის გაანალიზება, მასში ასახული ინფორმაციის , თემების, იდეებისა და პრობლემატიკის თვალსაზრისით; შეედარებინა ერთმანეთისათვის  ტექსტში ასახული ფასეულობები და შეხედულებები, ასევე გაეანალიზებინა კულტურული, სოციალური და ისტორიული ფასეულობების გავლენა ტექსტზე.
    მოსწავლეებმა საინტერესოდ წარმართეს თავიანთი მუშაობა. მათ ევალებოდათ დაესვათ შეკითხვა  ტექსტიდან იმ მოსწავლისთვის, რომელსაც თვითონ აირჩევდნენ.  პასუხის მიუღებლობის შემთხვევაში  მოსწავლეს, რომელიც სვამდა შეკითხვას , თვითონ წარმოედგინათ სწორი პასუხი. აღნიშნულმა აქტივობამ შედეგამდე მისვლა ,,გააადვილა“, რადგან მოსწავლეები ცდილობდნენ სიღრმისეულად ჩასწვდომოდნენ ტექსტს და ერთნამეთისთვის ,,ზედაპირული“ კითხვები არ დაესვათ. იგრძნობოდა, რომ კლასში მართლაც შეიქმნა კონკურენტული გარემო და ყველა ცდილობდა მოეფიქრებინა ისეთი შეკითხვა, რომლის პასუხიც ადვილად მოსაფიქრებელი არ იყო. საბოლოო ჯამში დასმული შეკითხვებიდან გამომდინარე კლასს სრულყოფილი წარმოდგენა შეექმნათ დავით კლდიაშვილის ,,სამანიშვილის დედინაცვალში“ მოცემულ ძირითად ფასეულ საკითხებზე და  სოციალურ მოტივზე. წყვილებში მუშაობის დროს მოსწავლეებმა ისაუბრეს და თეზისების სახით ჩამოწერეს  პერსონაჟების მახასიათებელი თვისევბები და იმსჯელეს პერსონაჟთა შორის მსგავსება-განსხვავებაზე. აღნიშნული აქტივობით  მოსწავლეებმა შეძლეს თითოეული პერსონაჟის  შინაგანი სამყაროს გაცნობა, მათი მთავარი ,,სატკივარის“ ამოცნობა და თავიანთი დამოკიდებულების განსაზღვრა აღნიშნული საკითხის ირგვლივ.    მოსწავლეებმა საკლასო  სამუშაოს შესრულებისას  წერილობით წარმოადგინეს თავიანთი აზრი ,,აუცილებელი იყო თუ არა პლატონ სამანიშვილს   თვითონ მოეძებნა სადედინაცვლო“.  
      მოსწავლეთა ნაწერებში იგრძნობოდა მართებული მიდგომა აღნიშნული საკითხის მიმართ და მათი დამოკიდებულება მწერლის გადაწყვეტილების შესახებ ამ კონკრეტულ ეპიზოდში.
საბოლოოდ  შევაჯამე საგაკვეთილო თემა და მოსწავლეებს ვესუბრე ძირითად ღირებულ საკითხებზე, ავტორის  ენობრივ არჩევანსა  და მკითხველის როლზე,  ნაწარმოების მნიშვნელობასა და მთავარი სათქმელის სიცხადეზე. ყურადღება გავამახვილე იმ სოციალურ გარემოზე , რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა ,,სამანიშვილის დედინაცვალის“ ,,დაბადებაში“







აქტივობების შესაბამისობა მიზანთან და შედეგთან
გაკვეთილზე თანმიმდევრულად იყო გამოყენებული  შემდეგი აქტივობები:
·         კითხვა-პასუხი
·         წაკითხულის გააზრება/ პერსონაჟების დახასიათება
·         მცირე ესეს წერა
გაკვეთილის მიზნამდე მისვლას ხელი შეუწყო სამივე აქტივობის ეფექტურმა გამოყენებამ. მოსწავლეებისთვის საინტერესო იყო კითხვების მოფიქრების პროცესი, ცდილობდნენ  პასუხი გაეცათ დასმულ შეკითხვაზე და უნდა აღინიშნოს ,რომ გამოიკვეთა ისეთი მოსწავლეები, რომლებსაც კარგად არ ჰქონდათ წაკითხული ტექსტი, მაგრამ  მაინც ცდილობდენენ კლასში მოსმენილი თემებიდან გამომდინარე გამოეთქვათ საკუთარი აზრი. საინტერეო იყო ის მომენტიც, როცა მოსწავლეები ერთმანეთს უსწორებნენ პასუხებს , იწუნებდნენ შეკითხვის ფორმულირებას და შეჰქონდათ ცვლილებები არგუმენტირებულად. აქტიური და მოტივირებული იყო მთელი კლასი. წყვილებში მუშაობამ გააადვილა პერსონაჟების დახასიათების სრულყოფილად წარმოდგენის პროცესი. ერთი მოსწავლე წერდა, ხოლო მეორე ცდილობდა რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მოეძიებინა ამა თუ იმ პერსონაჟის ირგვლივ.
    მოსწავლეთა ანალიტიკურ აზროვნებას ხელი შეუწყო წერილობითმა სამუშაომ. მცირე ესეების წერით მოსწავლეები სწავლობენ არგუმენტირებული მსჯელობას, საკუთარი მოსაზრების თამამად გაცნობას აუდიტორიისთვის. საბოლოო ჯამში კი სამივე აქტივობით შეადარეს  ერთმანეთს  ტექსტში ასახული ფასეულობები და შეხედულებები, ასევე გააანალიზეს  კულტურული, სოციალური და ისტორიული ფასეულობების გავლენა ტექსტზე.



კომუნიკაცია კლასთან/

მოსწავლეთა შეფასება/ურთიერთშეფასება
     თითქმის ყველა მოსწავლე ჩაერთო  პირველი აქტივობის განხორციელებისას,  რამაც ხელი შეუწყო მოსწავლეების  თანამშრომლობას. კლასში არ შეინიშნებოდა დაძაბული გარემო, პირიქით მოტივირებული იყვნენ ერთმანეთთან თანამშრომლობისათვის, რის გამოც არ გასჭირვებიათ ემუშავათ წყვილებში და წარმოედგინათ პერსონაჟების დახასიათება. მათ შეძლეს ყურადღების გამახვილება იმ ძირითად მახასიათებლებზე, რაც გამოარჩევდა ,,სამანიშვილის დედინაცვლის“ პერსონაჟებს ერთმანეთისაგან და იმ საერთო  თვისებებზეც გაამახვილეს ყურადღება, რითაც ემსგავსებიან კიდეც ერთმანეთს.
   ვცდილობდი კლასში არ ყოფილიყო ზედმეტი ,  უადგილო ხმაური, არ გადაეხვიათ საგაკვეთილო თემიდან და ორგანიზებას  ვუწევდი როგორც  თანამშრომლობით საკითხებს, ისე კლასის მართვას ვახდენდი ორგანიზებული წესრიგის ფარგლებში. მოსწავლეებისთვის არ მიმიცია შენიშვნა უყურადღებობის, ან ფუჭსიტყვაობის საკითხზე. თანამშრომლობის თვალსაზრისით კარგი გაკვეთილი გამოვიდა.
 თითოეული აქტივობის  განხორციელების პროცესში განმავითარებელი კომენტარის გამოყენებით ვახალისებდი მოსწავლეებს, ვუთითებდი გასაუმჯობესებელი საკითხების დაძლევის მიზანსა  და განხორციელების გზებზე ისე, რომ მოსწავლისთვის ეს არ ყოფილიყო  ,, პირდაპირი  შენიშვნა“ აუდიტორიის წინაშე.
მოსწავლეებმა გაკვეთილის ბოლოს ისაუბრეს საგაკვეთილო პროცესში  როგორც საკუთარ ჩართულობაზე , ისე თანაკლასელეთა აქტივობაზე, გამოარჩიეს ყველაზე აქტიური მოსწავლეები
გასაუმჯობესებელი საკითხები
    მნიშვნელოვანია ყველა მოსწავლის აქტიური ჩართვა საგაკვეთილო პროცესში. დღეს ეს აქტივობა ნამდვილად ჩანდა, მაგრამ გამოიკვეთა  მოსწავლეთა  მცირე ნაწილი, რომელთა მოტივაციის ასამაღლებლად  ჩემი მხრიდან მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადასადგმელი . ისინი გაკვეთილის მომზადებას დიდ დროს არ უთმობენ, რაც აისახება საკლასო მუშაობაში  მათი ზედაპირული ცოდნით. შეუძლიათ გამოხატონ საკუთარი პოზიცია, მაგრამ უჭირთ არგუმენტირებული პასუხის გაცემა.


                        ჩატარებული გაკვეთილის შეფასების ფურცელი
მასწავლებელი/სკოლა/საგანი
მაია მამისეიშვილი
წყალტუბოს მუნიციპლიტეტის სოფელ გეგუთის №1 საჯარო სკოლის  ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

ჩატარების თარიღი
5 ოქტომბერი 2012 წელი
გაკვეთილის თემა
იაკობ ხუცესი ,,წამებაჲ წმიდისა შუშანიკისი დედოფლისაჲ“
კლასი/მოსწავლეთა რაოდენობა
X კლასი/ 31 მოსწავლე

გაკვეთილის მიზნის შესაბამისობა შედეგთან
გაკვეთილის მიზანი იყო ტექსტის  წაკითხვა და გაანალიზება. მოსწავლეებმა შეძლეს წაკითხული ტექსტის გაგება, უცხო სიტყვების განმარტება და კითხვებზე ამომწურავი პასუხის გაცემა. ჩემს  მიერ დარიგებულმა ბარათებმა მოსწავლეებს მისცა საშუალება დაფიქრებულიყვნენ ტექსტიდან  მხოლოდ კონკრეტულ მონაკვეთზე  და მოეხდინათ პერიფრაზირება. ამ მეთოდით უფრო გამოჩნდა მოსწავლეთა მხრიდან ტექსტის გაგებისა და გაანალიზების უნარი. მათ მონაწილეობა მიიღეს საკლასო დისკუსიაში, გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები და ცდილობდნენ მის დაცვას ისე, რომ განსხვავებული აზრი გაეთვალისწინებინათ. გაკვეთილის მიზანი სწორედ ტექსტის ადეკვატურად აღქმა და გაგება იყო.  თითქმის ყველა მოსწავლე ღებულობდა მონაწილეობას ტექსტის პერიფრაზირების პროცესში, რამაც სასურველ შედეგამდე მისვლა  დაგვაძლევინა



აქტივობების შესაბამისობა მიზანთან და შედეგთან
         ვინაიდან გაკვეთილის მთავარ მიზანს წარმოადგენდა ტექსტის წაკითხვა და გაანალიზება, დავგეგმე  პირველ აქტივობად   მოსწავლეებს  წაეკითხათ  ტექსტის პირველი მონაკვეთი  და ეპასუხათ   სახელმძღვანელოს რუბრიკაში ,,ტექსტი და მკითხველი“  მოცემულ I;II;IV;V შეკითხვებისთვის.  მოსწავლეები 20 წუთის განმავლობაში კითხულობდნენ  ტექსტს,  შესაბამისი დავალების პასუხებს ინიშნავდენ რვეულებში /ან ნიშნავდნენ ტექსტში.  განსაზღვრული დროის გასვლის შემდეგ ერთ-ერთ მოსწავლეს--ელენე მაჩალაძეს დავავალე წაეკითხა ხმამაღლა თითოეული შეკითხვა და  რამოდენიმე  მოსწავლე პასუხობდა თავის ვერსიას. ამ დროს  გაიმართა მცირე დისკუსია, რადგან ერთფეროვანი არ იყო პასუხები და ყველას თავისი პასუხი ეგონა ჭეშმარიტი. სწორ პასუხამდე მისვლა ზოგჯერ მოსწავლეთა მხრიდან, ზოგჯერ კიდევ ჩემი დახმარებით ხდებოდა. კვლავ ვაანალიზებდით დასმულ შეკითხვას და უკვე 2 მოსწავლეს ვამეორებინებდი სწორ პასუხს. აღნიშნული აქტივობით მოსწავლეებში ხდებოდა როგორც წაკითხულის გაგება, ისე დამახსოვრება.     ტექსტის პირველი მონაკვეთი  დავყავი ეპიზოდებად და თითოეულ მოსწავლეს დავავალე წაეკითხა და  მოეხდინა პერიფრაზირება . კითხვებზე პასუხმა, ანუ წინა აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეებს პერიფრაზირება ზუსტი ყოფილიყო. რამოდენიმე მოსწავლის პასუხმა  კლასში ტექსტის ადეკვატურად აღქმა გასაგები გახადა. მიზანი მიღწეულ იქნა.  ძველი ქართული ტექსტების შესწავლის  უმნიშვნელოვანესი ეტაპია ტექსტის  კითხვა და  გაგება,  ეს არის საწყისი ტექსტის ადეკვატურად გააზრებისა. დიდი მნიშვნელობა ენიჭება თითოეული უცხო სიტყვის განმარტებას. ამ მიზნით მოსწავლეები ყოველდღიურად აწარმოებენ განმარტებით ლექსიკონს, რაც მათ უიოლებს ტექსტის გაგებას.    მოსწავლეებს დავპირდი შემდეგი გაკვეთილისათვის ვაჩვენებდი დოკუმენტურ ფილმს ,,წმინდა შუშანიკ დედოფალი“(1-4 ნაწილი), რა თქმა უნდა მოსწავლეებში აღნიშნულმა ინფორმაციამ დიდი ინტერესი გამოიწვია. ასე, რომ მოლოდინი მომდევნო გაკვეთილისა  აქედანვე გაღვივდა.



კომუნიკაცია კლასთან
  მიუხედავად იმისა, რომ გაკვეთილზე მოსწავლეები ინდივიდუალურად მუშაობდნენ, ერთმანეთთან თანამშრომლობა აქტიურად წარიმართა. კითხვა-პასუხის დროს კითხვის დამსმელი მოსწავლე თვითონ ირჩევდა თუ რომელი მოსწავლე უპასუხებდა მას. აღნიშნულმა აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა აქტიურ კომუნიკაციას.  მართალია ყველა მოსწავლის პასუხი არ ყოფილა დადებითი, მაგრამ მსჯელობის პროცესში  აღნიშნული მოსწავლეები თვითონვე ხვდებოდნენ პასუხის მართებულობას. კლასში არ არის სსსმ მოსწავლე, განსაკუთრებულ მიდგომას მასწავლებლის მხრიდან არ საჭიროებს არც ერთი მოსწავლე.   ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ კლასი მრავალრიცხოვანია და მასწავლებლის მხრიდან აქტივობების დაგეგმვისას  გათვალისწინებულ უნდა  იყოს აქტივობის განხორციელების პროცესმა  მოსწავლეთა ნაწილი არ დატოვოს ყურადღების მიღმა და მოხდეს ყურადღების ბალანსი. მოსწავლეებს ერთმანეთთან ურთიერთობა არ უჭირთ, პატივს სცემენ ერთმანეთის აზრს . ყველა მოსწავლეს შეუძლია გამოამჟღავნოს შესაძლებლობების მაქსიმუმი.
       ჩემს მიერ დაგეგმილი   დავალებები მოსწავლეთათვის გასაგები იყო.  საბოლოო ჯამში კომუნიკაციის პრობლემა კლასს არ ჰქონია
გასაუმჯობესებელი საკითხები
ძველი ქართული ტექსტების გაგება საკმაოდ შრომატევადი პროცესია მოსწავლეთათვის, მოითხოვს დიდ ძალისხმევას და ყურადღებას მათი მხრიდან. რამოდენიმე მოსწავლეს (4 მოსწ.) არ აქვს სახელმძღვანელო, შესაბამისად სახლში ვერ ამზადებს გაკვეთილს, აღნიშნული საკითხი პრობლემის სახით თავს იჩენს საგაკვეთილო პროცესში.  სკოლის ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობით მოსწავლეები აღნიშნულ პრობლემას აღმოფხვრიან.
       მომდევნო გაკვეთილისათვის დავგეგმე დოკუმეტური ფილმის ,,წმინდა შუშანიკ დედოფალი“ ჩვენება, რაც ხელს შეუწყობს წაკითხული ტექსტის უკეთ გააზრებას და კონკრეტული ეპოქის უკეთ გაცნობას.









ჩატარებული გაკვეთილის შეფასების ფურცელი
მასწავლებელი/სკოლა/საგანი
მაია მამისეიშვილი
წყალტუბოს მუნიციპლიტეტის სოფელ გეგუთის №1 საჯარო სკოლის  ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
ჩატარების თარიღი
11 ოქტომბერი  2012 წელი
გაკვეთილის თემა
მიხეილ ჯავახიშვილის ,,ჯაყოს ხიზნები“
კლასი/მოსწავლეთა რაოდენობა
XII  კლასი/ 21 მოსწავლე





გაკვეთილის მიზნის შესაბამისობა შედეგთან
     გაკვეთილის მთავარ მიზანს წარმოადგენდა  მოსწავლეებს გაეცნობიერებინათ პერსონაჟების ფასეულობები და შეხედულებები, რომლითაც ისინი ვლინდებიან ტექსტში, როგორც მთავარი გმირები.  განეხილათ კონკრეტული ეპოქისთვის დამახასიათებელი თემები, პრობლემები და ემსჯელათ როგორც ეპოქიდან გამომდინარე, ისე თანამედროვე პოზიციიდან იმ მონაკვეთზე დაყრდნობით, რომელიც მიცემული ჰქონდათ საშინაო დავალებად.
     მოსწავლეებმა შეძლებს ტექსტის გაანალიზება, ასახული ფასეულობებისა  და შეხედულების ერთმანეთთან შედარება.    გაკვეთილზე  განხორციელებულმა აქტივობამ   მოსწავლეებს საშუალება მისცა თვითონვე მოეფიქრებინათ შეკითხვები, სხვა ჯგუფს გაეცათ პასუხები მხოლოდ საკუთარი პოზიციიდან გამომდინარე და მომდევნო ჯგუფს კი  ტექსტში მოეძებნათ  კონკრეტული ციტატა ანუ პასუხი.   გაკვეთილი წარიმართა ,,ლიტერატურული წრის“ მეთოდით, რამაც ხელი შეუწყო ტექსტის კონკრეტული მონაკვეთის შეჯამებას. ამ მეთოდმა საშუალება მისცა    მოსწავლეებს  დაფიქრებულიყვნენ თავიანთი როლის შესაბამისად  : პირველი ჯგუფი--- დაევათ შეკითხვები, მეორე ჯგუფი--ეპასუხათ მხოლოდ საკუთარი  აზრით, ტექსტის დაუხმარებლად, მესამე ჯგუფი-- საკუთარი აზრის გაუთვალისწინებლად, მხოლოდ ტესტიდან გაეცათ პასუხი. მოსწავლეებს  აღნიშნული მეთოდი მრავალმხრივ აფიქრებს. გაკვეთილის ბოლოს თვითშეფასებისას მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ აღნიშნული მეთოდით მუშაობა იყო საინტერესო, მაგრამ შეზღუდულნი არიან ,,კონკრეტული“ ფუნქციიდან გამომდინარე და ხშირად  კრიტიკულად უდგებოდნენ სხვა ჯგუფის მუშაობას. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გაკვეთილზე ჯგუფის წევრები ერთმანეთს მოუწოდებდნენ აქტიურობისკენ და ცდილობდნენ რიგითობით ყველას მიეღო მონაწილეობა. შეიმჩნეოდა გამოწვევის, კონკურენციის მცდელობა, არც ერთ ჯგუფს არ სურდა  შეუსრულებელი დარჩენოდა რომელიმე საკითხი.
     უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ მოსწავლეები ტექსტს ადვილად იგებენ და სიღრმისეულ წვდომაში  ეხმარება მათ აღნიშნული მეთოდი. რა თქმა უნდა გასათვალისწინებელია ისიც, რომ ყველა მოსწავლე ინდივიდია  და შეუძლებელია ერთ ხარისხში ისწავლოს ყველამ. თავიანთი მონდომება და შრომისმოყვარეობა სწორედ გაკვეთილზე ჩანს ყველაზე კარგად
აქტივობების შესაბამისობა მიზანთან და შედეგთან
გაკვეთილზე მუშაობა  წარიმართა ,,ლიტერატურული წრის „ მეთოდით, რაც მოითხოვდა სამი სამუშაო ჯგუფის შექმნას. რიგითობის პრინციპით გადაითავეს მოსწავლეებმა პირველ-მესამეზე და შესაბამისად გადავუნაწილე როლები:
პირველი ჯგუფი--- დაევათ შეკითხვები, მეორე ჯგუფი--ეპასუხათ მხოლოდ საკუთარი  აზრი, მესამე ჯგუფი-- საკუთარი აზრის გაუთვალისწინებლად, მხოლოდ ტესტიდან გაეცათ პასუხი. მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული ჯგუფი დაკავებული იყო მხოლოდ ერთი ფუნქციის შესრულებით, მაინც უმთავრესი  იყო მათი დავალების თანმიმდევრულობა.   წრის შესაკვრელად თითოეული რგოლის (ჯგუფის) აქტიურობა გადამწყვეტ როლს თამაშობდა.  მოსწავლეებმა გააცნობიერეს პერსონაჟების ფასეულობები და ის ძირითადი მახასიათებელი ,,ნიშნები“, რითაც ისინი იქცევენ ტექსტში ყურადღებას და ამასთანავე თავიანთი სულისკვეთებით ეხმიანებიან კონკრეტულ დროს თუ ეპოქას. განსაკუთრებით გამოჩნდა ეს დამოკიდებულება პირველი ჯგუფის მიერ წარმოდგენილ კითხვებში, რომელზეც აიგო  მთელი გაკვეთილი. შედეგად მივიღეთ კარგად გააზრებული ტექსტი და საკუთარი დამოკიდებულება ტექსტში მოცემულ ინფორმაციაზე


კომუნიკაცია კლასთან/

მოსწავლეთა შეფასება/ურთიერთშეფასება
     მოსწავლეებს გაკვეთილზე არ ჰქონდათ საშუალება  აერჩიათ თავიანთი ჯგუფის წევრები. ჯგუფში დაკომპლექტება მოხდა გადათვლის პრინციპით, რამაც გამორიცხა კლასის დაყოფა ,,ძლიერებად“ და ,,სუსტებად“. ეს არის ერთ-ერთი დადებითი მხარე, რაც კლასთან კომუნიკაციას აადვილებს, ხოლო ჯგუფურ მუშაობაზე დაკვირვებას უფრო საინტერესოს ხდის.  ჯგუფში მუშაობის დროს აუცილებლად გამოვლინდება ლიდერი მოსწავლეები, რომლებსაც თითქოს თავიანთ მხრებზე უტვირთავთ ჯგუფზე დაკისრებული მოვალეობა, მაგრამ ამ დროს აშკარა შესამჩნევია, რომ შედარებით პასიურ მოსწავლეს სულაც არ მიჩნია აუცილებლად სხვამ ზიდოს მისი ტვირთი და  თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების დროს  აშკარად მიუნიშნებს ამ საკითხებზე. სწორედ ასე დაემართა გაკვეთილზე პირველ ჯგუფს, როცა მურმან მუშკუდიანმა და გვანცა გაბრიჩიზემ საკუთარ თავზე აიღეს კითხვების მოფიქრების და დასმის საკითხი და მხოლოდ ერთხელ მიეცა საშუალება მარიამ დაშნიანს და სალომე მაჩალაძეს ჯგუფის სახელით დაესვათ შეკითხვა, ხოლო ანა დათიაშვილმა გააპროტესტა შეფასებისას ლიდერ მოსწავლეთა მხრიდან ჯგუფის წევრების უგულებელყოფა. მოსწავლეების კომუნიკაცია ჯგუფურ მუშაობაში აშკარად გამოსასწორებელია. უფრო კარგად მუშაობენ მოსწავლეები ინდივიდუალურად და წყვილებში, ვიდრე ჯგუფებში.  მიუხედავად იმისა, რომ საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობისას  ყველა ჯგუფმა გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას, შეფასების დროს თავი იჩინა ჯგუფებში წევრთა არაკომუნიკაბელობამ . მოსწავლეები  ძალიან  გულწრფელად აანალიზებდნენ თავიანთ და თითოეულის როლს ჯგუფში.
გასაუმჯობესებელი საკითხები
   აღნიშნული გაკვეთილიდან გამომდინარე აშკარაა, რომ მოსწავლეებს კიდევ ერთხელ უნდა შევახსენო ჯგუფური მუშაობის წესები, ის დადებითი მხარეები, რაც ახლავს თან ასეთი ტიპის მუშაობას. შევეცდები მომდევნო გაკვეთილზე გამოვიყენო უმეტესად ინდივიდუალური და წყვილებში მუშაობა. ხოლო ჯგუფური მუშაობისათვის მოვემზადო უფრო ორგანიზებულად. მოსწავლეებს საშინაო დავალებად  განუსაზღვრე ,,ჯაყოს ხიზნების“ მომდევნო 3 თავის წაკითხვა, რასაც გამოვიკითხავ მეთოდით ,,ვკითხულობ მაინტერესებს“






ჩატარებული გაკვეთილის შეფასების ფურცელი
მასწავლებელი/სკოლა/საგანი
მაია მამისეიშვილი
წყალტუბოს მუნიციპლიტეტის სოფელ გეგუთის №1 საჯარო სკოლის  ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
ჩატარების თარიღი
19 ოქტომბერი  2012 წელი
გაკვეთილის თემა
იაკობ ხუცესი ,,წამებაჲ წმიდისა შუშანიკისი დედოფლისაჲ“
კლასი/მოსწავლეთა რაოდენობა
X  კლასი/ 31 მოსწავლე





გაკვეთილის მიზნის შესაბამისობა შედეგთან
     გაკვეთილის მთავარ მიზანს წარმოადგენდა, რომ  მოსწავლეები  შეძლებდნენ ტექსტის გაანალიზებას ,  საკლასო დისკუსიაში მონაწილეობას და ჟანრობრივი თვალსაზრისის გათვალისწინებით ძირითადი საკითხების გამოკვეთას.
მოსწავლეებმა შეძლეს ტექსტის გარკვეული ნაწილის დამუშავება, მთავარი აზრის გამოკვეთა და პრობლემური შეკითხვის დასმა. მნიშვნელოვანი იყო მოსწავლეთა ჯგუფებში მუშაობის პროცესი, რადგან მათ უწევდათ ერთმანეთის აზრის მოსმენა და გათვალისწინება. ტექსტის დაყოფამ გარკვეულ მონაკვეთებად ხელი შეუწყო მოსწავლეებს სწრაფად და ადეკვატურად მოეხდინათ ტექსტის გააზრება. ძველი ქართული ტექსტების დამუშავება დიდ ძალისხმევას მოითხოვს, გასათვალისწინებელია  თითოეული სიტყვის თუ წინადადების კონტექსტუალური მხარე და მოსწავლეთა მხრიდან პირველ რიგში სიტყვების მნიშვნელობის გააზრებას მოითხოვს. გაკვეთილის შედეგი მიღწეულად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან  მოსწავლე  უმეტესობამ მონაწილეობა მიიღო საკლასო მუშაობაში .
         მოსწავლეები   გავანაწილე   5 ჯგუფში და თითოეულ ჯგუფს მივაწოდე  ტექსტის გარკვეულ მონაკვეთი. ვთხოვე მათ წაეკითხათ ტექსტი; ამოიწერათ მთავარი აზრის შემცველი წინადადებები  და დაფაზე დაწერათ   ერთი საკვანძო შეკითხვა მოცემული თემიდან გამომდინარე             

აქტივობების შესაბამისობა მიზანთან და შედეგთან
         მოსწავლეები   გავანაწილე   5 ჯგუფში და თითოეულ ჯგუფს მივაწოდე  ტექსტის გარკვეული მონაკვეთი. ვთხოვე მათ წაეკითხათ ტექსტი; ამოიწერათ მთავარი აზრის შემცველი წინადადებები  და დაფაზე დაწერათ   ერთი საკვანძო შეკითხვა მოცემული თემიდან გამომდინარე . ამით ხელი შევუწყვე  როგორც ტექსტის ყურადღებით წაკითხვის პროცესს, ასევე  საინტერესო, მთავარ  საკითხების  გამოკვეთას კითხვის პროცესში და საბოლოოდ ერთი მთავარი შეკითხვის (რაც ბუნებრივად უნდა გაჩნდეს) დაფიქსირებას თითოეული ჯგუფიდან.  აღნიშნული აქტივობის განხორციელების  მუშაობის ფორმად ვარჩიე ჯგუფური მუშაობა, რადგან კლასი მრავალრიცხოვანია , მოსწავლეებს იქვე შეძლებოდათ განსხვავებული მოსაზრებების მოსმენა/გაანალიზება და შეთანხმებაც ძირითად საკითხებსა თუ შეკითხვის ფორმულირებაზე. მოსწავლეთა მიერ დავალების შესრულების ხარისხი გამოიკვეთა პრეზენტაციისა და საკლასო დისკუსიის დროს.   გარკვეულ სირთულეებს წავაწყდით იმ პრეზენტატორებთან, რომლებსაც ზოგადად  უჭირთ   საკითხის კონკრეტულად წარმოდგენა და უყვართ განზოგადებული საუბარი. აღნიშნული ტექსტი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ მრავალფეროვნად, შემოქმედებითად ,,ილაპარაკო“ მომხდარ ფაქტების მიღმა. დავალება მოითხოვდა თითოეულ მონაკვეთში მთავარი აზრის შემცველი წინადადებებით ,,მთავარ აზრთა კონის შეკვრას“ და წაკითხვას კლასის წინაშე ისე, რომ გაეგო მთელ კლასს ისე, რომ დისკუსიაში მიეღოთ მონაწილეობა. მოსწავლეთა გარკვეულ ნაწილს გაუჭირდა ძველი ქართული ტექსტის წაკითხვა



კომუნიკაცია კლასთან/

მოსწავლეთა შეფასება/ურთიერთშეფასება
    კლასის კეთილგანწყობისთვის მნიშვნელოვანია კლასში შესვლის პირველი ნაბიჯიდანვე მოსწავლეები გრძნობდნენ მასწავლებლის მზაობას გაკვეთილისათვის, რაც პირველ რიგში განწყობით კომუნიკაციაში გამოიხატება. ამიტომ შევეცადე ვყოფილიყავი  მაქსიმალურად თანამშრომლური,  ყველა დავალება  თუ შენიშვნა გასაგებად  ყოფილიყო მიწოდებული მოსწავლეებისათვის.  არავის ეგრძნო გაკვეთილზე საკუთარი თავი ,,ჩრდილში“ . მოსწავლეების თანამშრომლობა ძირითადად წარიმართა ჯგუფებში და პრეზენტაციებისა და დისკუსიის  დროს მთელ კლასთან. თითქმის ყოველთვის ჯგუფებში მუშაობისას მკვეთრად წარმოჩინდებიან ლიდერი მოსწავლეები, რომლებიც საკუთარ თავზე იღებენ ჯგუფის დავალებას. ამიტომ შევეცადე ბალანსი არ დარღვეულიყო და ხშირად ვუთითებდი ჯგუფებს, რომ წავახალისებდით იმ ჯგუფებს, რომლებმაც შეძლეს ყველა მოსწავლის ჩართვა სამუშაო პროცესში. შედეგი მოიტანა იმ მხრივ, რომ 2 ჯგუფმა პრეზენტაციის გაკეთება დაავალა ისეთ მოსწავლეებს, რომლებმაც ტექსტზე მუშაობაში ვერ მიიღეს მონაწილეობა ან იყვნენ პასიურები. ძირითადად  მოსწავლეები პატივს სცემენ  ერთმანეთს, არ არიან აგრესიულნი. აქვთ კონკურენციის განცდა და ეს ცუდი არ არის. . ვერ ვიტყვი, რომ ყველა ჯგუფმა საუკეთესოდ იმუშავა, მაგრამ შემიძლია ვთქვა რომ  დავალების ძირითადი საკითხები კლასში გაუგებარი არ დარჩენილა, არ შექმნილა კომუნიკაციის პრობლემა
გასაუმჯობესებელი საკითხები
მოსწავლეებმა აუცილებლად უნდა წაიკითხონ გააზრებულად  ძველი ქართული ტექსტები. საშინაო დავალებად უმთავრესად სწორედ ტექსტის წაკითხვა და პერიფრაზირებაა დავალებული, მაგრამ გასაუმჯობესებელ საკითხად კვლავ რჩება კლასში გააზრებული კითხვა და  მიღებული ინფორმაციის გადმოცემის კულტურა, იგივე საპრეზენტაციო გამოსვლებისთვის მზადებისა და უშუალოდ პრეზენტაციის პროცესი. ვფიქრობ მომდევნო გაკვეთილზე ჩემს მიერ დაგეგმილი აქტივობები აუცილებლად უნდა მოითხოვდეს ინდივიდუალურად ტექსტის კითხვას და  გარკვეული მონაკვეთების პერიფრაზირებას, რათა დადგინდეს  ამ მხრივ ძლიერი და სუსტი მხარეები







No comments:

Post a Comment